საქართველოს წყლებში ბინადრობს წვერას ორი სახეობა. მტკვრის წვერა Barbus lacerta cyri და კოლხური წვერა Barbus tauricus escherichi. მტკვრის წვერას გავრცელების არეალია მტკვარი და მისი შენაკადები: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომის,ფოცხოვის, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი. მცირეა ტბებში და წყალსაცავებში. ჯანდარის, ფარავნის და საღამოს ტბებში. ხრამის, სიონის და თბილისის წყალსაცავებში.
კოლხური წვერა ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში: ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები. ამტყელის ტბა, ტყიბულისა და ლაჯანურის წყალსაცავები.
ორივე სახეობა ძირითადად მდინარის ბინადარია, ეგუება მდგარ წყალსაც, მდინარეებში ადის კალმახის გავრცელების ქვედა უბნამდე. მტკვრის წვერა იზრდება 50 სმ, წონა 1 კგ. ჩვეულებრივ უფრო პატარებია. კოლხური წვერა იზრდება 51სმ, წონა 1,5კგ.სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკსი. ტოფობს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. დებს 4-30 ათასს ქვირითს. (ზოგი მონაცენმით გამრავლების დროს შხამიანია.) იკვებება უმეტესად ცხოველური ბენთოსით, ცხოველური და მცენარეული დეტრიტით, ზოგჯერ ჭამს წვრილ თევზებსა და მათ ქვირითს. აქვს ქვედა პირი ორი წყვილი ულვაშით, რაც ფსკერული ტიპის თევზებისთვისაა დამახასიათებელი.
წარმოადგენს ანკესით თევზაობისათვის საინტერესო ობიექტს. სატყუარას აღებას იწყებს მაისის ბოლოდან. ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისი მასზე თევზაობის საუკეთესო დროა. თევზაობა წყდება როგორც კი პირველი ყინვა დაკრავს. იკვებება ძირითადად გამთენიისას და ღამე. ზამთარში აღარ იკვებება და გამოსაზამთრებლად წვება ღრმა ორმოებში. წვერასათვის საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს ჭიაყელა, რომელიც ანკესის წვერზე ოდნავ გადმოკიდებულია, ასევე კარგად იღებს მწერების მატლებს, ყველს, ცხოველის ან ფრინველის ღვიძლსა და ფილტვის ნაჭრებს, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრებს. კარგ სატყუარას წარმოადგენს შავი ტარაკანი. მასზე სათევზაოთ ძირითადად გამოიყენება ფსკერულა ანკესი, როგორც მძიმე ფსკერულა ასევე მსუბუქი. წარმატებულ თევზაბას გისურვებთ!