პარიზის ავტოსალონის გახნის წინ კომპანია Volkswagen-მა VW Passat-ის რიგით მეშვიდე თაობის მოდელები პრესისთვის ოფიციალურად წარმოადგინა. დახურულ პრეზენტაციაზე კომპანიის ახალი სედანი და ვერსია "უნივერსალი" გამოიფინა.
მიუხედავად ახალი იერსახისა, რომელიც ფლაგმანური სედანის Phaeton-ის სტილისაა, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილს უწინდელი, მაგრამ მოდერნიზებული პლატფორმა აქვს. სედანის გაბარიტული სიგრძე სულ 4 მმ-ით გაიზარდა (4769 მმ), ხოლო კიდევ ორი მმ-ით გრძელია "უნივერსალი". VW Passat-ის ორივე მოდიფიკაციის სიგანე და სიმაღლე უწინდელი დარჩა.
მოდერნიზაცია შეინიშნება ავტომობილის ინტერიერშიც – შეცვლილია ცენტრალური კონსოლი, წინა პანელი, მოწყობილობების ბლოკი. ავტომობილს საჭე და წინა სავარძლებიც განახლებული აქვს.
ახალი VW Passat ადაპტური კრუიზ-კონტროლითა და "საცობის" სიჩქარეზე (30 კმ/სთ-დე სიჩქარის დროს) ავარიის ამრიდებელი სისტემით, ასევე "სტოპ-სტარტ" ფუნქციის მქონე ენერგიის რეკუპერაციის სისტემით აღიჭურვება. ავტომობილის კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია - საბარგულის უკონტაქტო გაღებაა და ამისთვის მძღოლს ან მგზავრს მხოლოდ უკანა "ბამპერთან" ფეხის მიახლოება დასჭირდება.
ახალ VW Passat-ზე 10 სახეობის ძრავია გათვალისწინებული. აქედან 4-4 ბენზინისა და ტურბოდიზელისაა, თითო-თითო კი ბუნებრივ აირსა და ბიოსაწვავზე მუშაობს.
|