კომპანია "იაგუარი" ახალი ტიპის ჰიბრიდული დანადგარის გამოსაცდელად ემზადება. ამ აგრეგატის შექმნაზე ერთბაშად რამდენიმე ბრიტანული ფირმა მუშაობდა, რომელთა შორის იყვნენ Flybrid Systems, Torotrak, Prodrive (სარბოლო მანქანებზე სპეციალიზებული კომპანია); ასევე საინჟინრო კომპანიები - Ricardo და Xtrac, ხოლო მისი სვლის გამოსაცდელ მოდელად სედანი XF იქცა.
ახალი ჰიბრიდული დანადგარის კონსტრუქციის საკვანძო ელემენტად Torotrak-ისა და Xtrac-ის მიერ შემუშავებული, უსაფეხურო ტრანსმისია იქცა. ტრანსმისიაში სპეციალური ქანქარაა ჩამონტაჟებული, რომელიც წუთში 60 ათას ბრუნს აკეთებს. მას დამუხრუჭებისას კინეტიკური ენერგიის დაგროვება და შემდეგ მისი გაცემა შეუძლია, რაც აგრეგატის საერთო სიმძლავრეს 7 წამში 80 ცხ. ძალით ზრდის. ასეთ კონსტრუქციას, "სტოპ-სტარტის" სისტემასთან ერთად, რომელიც ძრავას შუქნიშანთან და საცობების დროს გაჩერებისას თიშავს, საწვავის საშუალო ხარჯის 20%-ით შემცირება შეუძლია. ამასთან, იგი ძალიან კომპაქტურია, წონა კი მხოლოდ 65 კგ-ია, რაც ორჯერ მცირეა, ვიდრე ჰიბრიდული დანადგარის საშუალო მასა.
გარდა ამისა, შემქმნელთა თქმით, ქანქარას ბაზაზე აწყობილი ჰიბრიდული დანადგარის კონსტრუქცია სხვა მოდელებზეც იოლად გამოყენებადია. მაგალითად, არასაგზაო Land Rover-ზე. თუმცა, ჯერჯერობით "იაგუარ ლენდ როვერის" ხელმძღვანელობას ჰიბრიდული მოდელების წარმოების შესახებ ამ ეტაპზე არავითარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ახალი ტექნოლოგია Flywheel Hybrid System for Premium Vechiles-ის (ჰიბრიდული სისტემა ქანქარათი პრემიალური ავტომობილებისთვის) სახელით ცნობილი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომლის ბიუჯეტიც 3 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ამ თანხის ნაწილი, - 2,2 მილიონი, - დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაიღო.