კომპანია ”პეჟომ” კონცეპტუალური სპორტული ავტომობილის, - EX1, - პირველი გამოსახულება გაავრცელა, რომელიც ფრანგული ავტომწარმოებლის მიერ თავისი დაარსებიდან 200 წლისთავის აღსანიშნავადაა შემუშავებული. მანქანას არ გაიყვანენ პარიზის მოტორშოუზე. მისი ხილვა კომპანიის შოუდარბაზში იქნება შესაძლებელი, რომელიც ელისეს მინდორზე მდებარეობს.
კონცეპტ-ავტოს გაბარიტული სიგრძე 3,54 მეტრია, სიგანე - 1,77 მ, ხოლო სიმაღლე - 90 სმ. მისი მასა 750 კგ-ია. მანქანა მოძრობაში ორ ელექტრომოტორს მოჰყავს (თითოეული ერთ ხიდზე), რომელთა ჯამური სიმძლავრე 340 ცხ. ძალაა. ”პეჟოს” მონაცემებით, 100 კმ/სთ სიჩქარეს პროტოტიპი 3,6 წამში განავითარებს, ხოლო 260 კმ/სთ-ს ავტო 6,6 წამში აღწევს.
EX1-ის გარდა ”პეჟო” პრემიერისთვის ასევე კროსოვერ HR1-ს ამზადებს. ამ უკანასკნელის სერიული ვერსია კონკურენციას გაუწევს Nissan Juke-ს. ავტომობილს ჰიბრიდული დანადგარი ექნება, რომელიც თავის თავში 2-ლიტრიან, 163 ცხ. ძალის სიმძლავრის მოტორს, 37 ცხ. ძალიან ელექტროძრავასა და სიჩქარის გადაცემათა 6-საფეხურიან, რობოტიზებულ კოლოფს გააერთიანებს. პარიზის მოტორშოუზე ”პეჟო” ავტომობილ 508-ის ოჯახს, ასევე კონცეპტუალური ავტომობილის, - Citroen DS4 HighRider, - საკუთარ ვერსიას წარადგენს.