გერმანული ატელიე Maybach-ის ბაზაზე კუპეს გამოუშვებს
ატელიე Xenatec მზადაა, სედან Maybach 57S-ის ბაზაზე მდიდრული კუპეს წარმოება დაიწყოს. ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა კონცერნ Daimler-ის სპეციალისტებმა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 5,7-მეტრიანი ორკარიანი ავტომობილის მყიდველები Maybach-ის საფირმო გარანტიითა და Daimler-ის სერვის-ცენტრების მომსახურებით ისარგებლებენ.
ავტომობილი, რომლის იერსახის შექმნაზე ცნობილმა დიზაინერმა ფრედერიკ ბურჩჰარდტმა იზრუნა, 630-ძალიანი, V12 ტურბოძრავით და გადაცემათა ექვსსაფეხურიანი ავტომატური კოლოფით აღიჭურვება. კუპე 0-იდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 5 წამში განავითარებს.
ახალი ავტომობილის ოპციათა შორის შუშის სახურავიანი ვარიანტი და დაჯავშნული ვერსიაც განიხილება. მომავალში მისი ”სპორტ-მოდიფიკაციის” გამოშვებაც იგეგმება.
ატელიე Xenatec ავტომობილს სულ 100 ეგზემპლარად გამოუშვებს. კუპეს ფასი 675 ათასი ევრო იქნება.