ხუთშაბათი, 2024-05-09, 7:16 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

კატეგორიები

სამხედრო [11]
სამხედრო
უსათაურო [2]
უსათაურო
საქართველო [2]
საქართველო
ცხოველები [3]
ცხოველები
გართობა [0]
გართობა
ნადირობა [3]
ნადირობა
თევზები და ყველაფერი თევზაობაზე [5]
თევზაობა
ძაღლები [6]
ძაღლები
კულინარია [7]
კულინარია
გამოგონება [3]
გამოგონება
ავტო [17]
ავტო
ფრინველები [2]
ფრინველები

Block title

ძიება

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საიტი?
Total of answers: 62

საათი

 
სტატიების კატალოგი
მთავარი » სტატიები » ცხოველები

ავაზა (გეპარდი)

ავაზას ხმელეთზე სისწრაფეში ბადალი არ ჰყავს – მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-ს სცდება. ამის გამო თითქმის შეუძლებელია, მას ხელიდან რამე დაუსხლტეს – მისი მსხვერპლები მაქსიმუმ ამის ნახევარს ავითარებენ. გრძელი და დაკუნთული ფეხების გარდა, ავაზას შესანიშნავი მხედველობა და სმენა აქვს, რის გამოც დღისით პატარა გაფაჩუნებაც არ გამოეპარება. ზოგჯერ შემაღლებულ ადგილზე ადის ხოლმე და იქიდან ზვერავს უფრო ფართო არეალებს საკბილოს ძებნაში.

როცა მსხვერპლს ეპარება, ავაზა ნელ-ნელა უახლოვდება მას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. შეიძლება ბალახებიდან თავი ამოსწიოს, რომ ნადავლი უფრო კარგად აკონტროლოს, მაგრამ სხეულს ყოველთვის მალავს. მისი სხეულის შეფერილობაც კარგად ესადაგება გამხმარ ბალახებს და შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ამის შემდეგ ემზადება და ნახტომს აკეთებს, შეიძლება გარბენაც მოუწიოს. როგორც კი დაეწევა მსხვერპლს, მიწაზე აგდებს და ყელში ეცემა.




თუმცა რიგ შემთხვევებში, როცა ავაზა თავდასხმის საშიშროებას გრძნობს, შეიძლება ხელში ახლადჩაგდებული ნადავლი მიატოვოს. ეს უფრო მაშინ ხდება, როცა რომელიმე ცხოველების ჯოგი უახლოვდება მას, მაგალითად აფთრების. შეტაკებისას ავაზამ შეიძლება ფეხები ან კუნთოვანი ქსოვილები დაიზიანოს, რაც მომავალში ნადირობაში შეუშლის ხელს და მშიერს დატოვებს. ამიტომ ასეთ დროს ძირითადად გაცლას ამჯობინებს ხოლმე. ხოლო თუ მარტო არაა, ან მხოლოდ ერთი ცხოველი ეცდება ჩაზიარებას, ყოველი ცდა ამაოა.

თუკი დაწვრილებით გაინტერესებთ ავაზას ნადირობის პროცესი, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს:

ზრდასრული ავაზა იწონის 40-დან 65 კგ-მდე, სიგრძეში 1.5-დან 2.3 მეტრამდეა. მხრებამდე სიმაღლე კი 70-დან 90 სმ-მდე მერყეობს. დედა ავაზა 2, 3 ან 5 ნაშიერს აჩენს, იშვიათად რვამდე. პატარები დედასთან 12-20 თვის განმავლობაში რჩებიან, 20-24 თვისანი კი უკვე ოჯახს ქმნიან. ავაზების საბინადრო არეალია აფრიკის ფართე მინდვრები და შუა აზია. ძირითადად იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ცხოველებით – კურდღლებით, იმპალებით, გნუს ხბოებით, გაზელებით. როგორც წესი, უსაფრდებიან ისეთებს, რომლებიც ჯოგს ჩამორჩებიან. თავად ავაზას ნაშიერზე კი ხორცისმჭამელი ცხოველები – ლომი, ტურა, აფთარი, გარეული ძაღლი და არწივი – ნადირობენ. ამას ემატება ისიც, რომ ავაზების უმეტესობა სისხლით ნათესავია, რაც შეჯვარებისას გენეტიკურ დარღვევებს იწვევს და საბოლოო ჯამში, ადრეულ ასაკში მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (90%). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 12 წელს შეადგენს, ტყვეობაში უფრო მეტს – 15-20 წელს. თუმცა ის საკმაოდ მგრძნობიარე არსებაა, უჭირს ახალ გარემოსთან ადაპტაცია და ტყვეობაში თითქმის ვერ მრავლდება.
თუკი ავაზას მსხვერპლის გამოდევნება მოუწია დიდი სიჩქარით, სუნთქვის მოსაბრუნებლად და დასამშვიდებლად ნახევარი საათი სჭირდება. ჭამას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს.

როცა სიჩქარის მაქსიმუმს კრეფს, ავაზას შეუძლია 7.5 მეტრი სიგრძის მანძილი მხოლოდ 4 ნახტომში დაფაროს (ანუ ერთი ნახტომი თითქმის 2 მეტრს უდრის, რაც ჩვეულებრივ რეჟიმზე ორჯერ მეტია). ხოლო 100 კმ/სთ-მდე ასასვლელად სულ რაღაც 3 წამამდე სჭირდება, რითაც ბევრ სუპერქარს ჯობნის. მაგრამ ამ ინერციით სირბილი მხოლოდ 300 მეტრამდე შეუძლია, ამის შემდეგ ჩერდება, რადგან ენერგიის უდიდესი მარაგი დახარჯული აქვს (ისე საინტერესოა, ამხელა მანძილზე რას უნდა გაეკიდოს ).


სხვა "დიდი კატებისგან” განსხვავებით, ავაზა ვერ ღრიალებს. მისი ბგერები უფრო მეტად ჩამოგავს ჭყივილს, ბრდღვინვას, კრუტუნსა და ყეფას. მეთევზე კატის, თავბრტყელი კატისა და მთის კატის მსგავსად, ავაზასაც არ შეუძლია საკუთარი ბრჭყალები უკან შეწიოს და თათში ჩამალოს. თუმცა ეს თვისება მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს, არის მისი სასუნთქი სისტემა და გული: ფართო ნესტოები მას უხვად ამარაგებს ჟანგბადით. ნადირობის დროს ავაზა 60-დან 150-მდე ჩასუნთქვას აკეთებს. მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში – იგი ერთგვარი საჭეა და უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას, რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.


ინგლისური დასახელება "ჩიტა” (Cheetah) მოდის სანსკრიტიდან და ნიშნავს ‘ჭრელ სხეულს’. მეცნიერების ვარაუდით, მათ გამრავლება და გავრცელება დაიწყეს აფრიკაში მიოცენის პერიოდში 18 მილიონი წლის წინ (სხვა ვერსიით, 11 მილიონი წლის წინ), ამის შემდეგ კი აზიაში გადავიდნენ. გამყინვარების ბოლო პერიოდის მიწურულამდე, 10 000 წლის წინ გარდა აფრიკა-აზიისა, ავაზა ბინადრობდა ჩრდილო ამერიკასა და ევროპაშიც. სამწუხაროდ, დღესდღეობით აფრიკის 25 ქვეყნის ველურ ბუნებაში მხოლოდ 12400 ავაზაა დარჩენილი. შუა აზიაში, ლიბიასა და ინდოეთში კი თითქმის გადაშენდა, როცა ამ ქვეყნებში მათ ერთ დროს სანადიროდ იყენებდნენ. ავაზებით ნადირობდნენ შუა საუკუნეების საქართველოშიც. ექსპერტების უმეტესობა შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობენ, რომ ზომები თუ არ იქნა მიღებული, ადრე თუ გვიან, ავაზები გადაშენდებიან






დღეს არსებული ძირითადი ჯიშები: აზიური ავაზა
გავრცელებულია ავღანეთში, ინდოეთში, ირანში, ერაყში, ისრაელში, იორდანიაში, ომანში, პაკისტანში, საუდის არაბეთში, სირიაში, რუსეთში.

ჩრდილო-დასავლური აფრიკული ავაზა
გავრცელებულია ალჟირში, ჯიბუტში, ეგვიპტეში, მალში, მავრიტანიაში, მაროკოში, ნიგერიაში, ტუნისში, დასავლეთ საჰარაში, ბენინში, ბურკინა-ფასოში, განასა და სენეგალში.
Acinonyx jubatus raineyii
გავრცელებულია კენიაში, სომალში, ტანზანიაში, უგანდაში.

Acinonyx jubatus jubatus
გავრცელებულია ანგოლაში, ბოთსვანაში, კონგოში, მოზამბიკში, მალავიში, სამხრეთ აფრიკაში, ტანზანიაში, ზამბიაში, ზიმბაბვესა და ნამიბიაში.
Acinonyx jubatus soemmeringii
გავრცელებულია კამერუნში, ჩადში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ნიგერიაში, სუდანში.

ჯიშების განმასხვავებელი ძირითადი ნიშნებია სხეულის საფარველი ბალნის სიგრძე, ფერების სიმკვეთრე, ლაქების ზომა და განლაგება, ასევე სხეულის ზომა. ადრე სიაში იყო ასევე სამეფო ავაზა, როგორც ცალკე ჯიში, მაგრამ ამოიღეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ განმასხვავებელი ნიშნები მხოლოდ რეცესიული გენების შედეგი იყო. სამეფო ავაზებში ხდება მუტაცია, რის შედეგადაც ხალები ერთმანეთს ერწყმის და ზოლებს ქმნის. ეს საკმაოდ მიმზიდველ ეფექტს ქმნის.


სხვა კატისებრებისგან განსხვავებით, ავაზა უფრო ნაკლებად აგრესიულია ადამიანების მიმართ, პატარაობაში კი მოთვინიერებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. ამიტომ ზოგ ქვეყანაში ნაშიერები არალეგალურად იყიდება, როგორც შინაური ცხოველი.
ავაზაზე დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ ფერმერები და რიგ შემთხვევებში ეს ეხლაც გრძელდება იმის გამო, რომ სოფლებში გავრცელებული აზრით, ავაზა შინაურ ცხოველებს ესხმის თავს. არადა კვლევა აჩვენებს, რომ სოფლის უმწეო პირუტყვები ძირითადად უინტერესოა მისთვის და გარეულ არსებებს ამჯობინებს პირის ჩასატკბარუნებლად.
დღესდღეობით ყველაზე მეტი ავაზა არის ნამიბიაში – 2500. ნამიბიაშივე შეიქმნა 1990 წელს ფონდი, რომელიც ავაზების გადარჩენისთვის იბრძვის.

ინდოეთში ავაზა დიდი ხნის განმავლობაში ბინადრობდა, მაგრამ 1940-იან წლებში ოფიციალურად დაფიქსირდა მათი გაქრობა. გარემოსა და ტყეების დაცვის მინისტრმა ჯაირამ რამეშმა 2009 წლის 7 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ერთადერთი ცხოველი, რაც გადაშენდა, ავაზაა. ინდოეთმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ეს ცხოველი ხელახლა გამრავლდეს.
ტიციანის ნახატზე "ბახუსი და არიადნე” (1523 წ.) ღმერთის ეტლში ორი ავაზაა შებმული. რენესანსის პერიოდის იტალიაში ისინი სანადიროდ გამოიყენებოდა. მათი ასოცირება ხშირად ხდებოდა დიონისესთან, იგივე რომაულ ბახუსთან
კატეგორია: ცხოველები | დაამატა: telavi20 (2010-10-26) | ავტორი: ავაზა (გეპარდი)
ნანახია: 1965 | ტეგები: ავაზა (გეპარდი) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Copyright MyCorp © 2024 | ჰოსტერი uCoz